15 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან დაბრუნებული, სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები - გია ვოლსკი

ახალციხეში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დაშლას და გუნდიდან 6 ადამიანის წასვლას, მმართველი გუნდის ლიდერები გამოეხმაურნენ.  უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგანან, რომლებიც, მისი შეფასებით, სადისტობისა და მოპარვის ოსტატები არიან.

ვოლსკის განცხადებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ადამიანები "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ.

"ეს არ არის მხოლოდ ხაბეიშვილის მენეჯმენტის საკითხი, ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბრუნებული, სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები. ვფიქრობ, ეს მახასიათებლები გახდება არაერთი ადამიანის მიერ ნაცმოძრაობის და რადიკალური პოზიციის მიტოვების საფუძველი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს არ შეუძლია კომუნიკაციის გზით მოაგვაროს პრობლემები.

"დაავადება, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობის დაშლა კარგად პროგრესირებს. როცა ვთქვით, რომ ხაბეიშვილის დანიშნა კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ ნაცმოძრაობას დაშლიდა, ეს პროცესი კარგად მიდის. მას უნარი არ გააჩნია, რომ კომუნიკაბელური იყოს და ურთიერთობები დაალაგოს. მისის სტილი მაგიდაზე შეხტომა და ლანძღვაა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები