06 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნას აშშ ნაწილობრივ ეთანხმება და უფლებების დარღვევის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარების გეგმას წარმოადგენს

ქვეყანაში არსებული "სისტემური რასიზმი", რასობრივი დისკრიმინაცია სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციის მხრიდან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობა, უკანონო თვალთვალი, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა - ეს შეფასება და დასკვნა აშშ-ს შესახებ, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა გამოაქვეყნა.

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნაში გამოთქმულია შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ-ში გრძელდება არამოქალაქეების თვითნებური დაკავება გუანტანამოს ციხეში, სადაც მათ არ აქვთ სისხლის სამართლის სისტემაზე ეფექტური და თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ ასევე არ ეძლევათ ადეკვატური მკურნალობის საშუალება და არ აქვთ წამების შემდგომი რეაბილიტაციის საშუალება.

დასკვნაში სისხლის სამართლის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზეცაა საუბარი.

„კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ შორის ქალები, ზედმეტად არიან წარმოდგენილი სისხლის სამართლის სისტემაში და არაპროპორციულად აპატიმრებენ და აყოვნებენ სამარტოო საკანში დიდი ხნის განმავლობაში“ ,- წერია დასკვნაში.

“კომიტეტი შეშფოთებულია რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების, განსაკუთრებით აფრიკული წარმოშობის ადამიანების მიმართ ანტირასისტული საპროტესტო აქციების დროს , სამართალდამცავების და კერძო უსაფრთხოების კომპანიების მიერ, ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო“,- წერია დასკვნაში.

გარდა ზემოთაღნიშნული პრობლემებისა, კომიტეტის დასკვნაში საუბარია რასობრივი და ეთნიკური უმცირესობებისთვის შეზღუდული საარჩევნო უფლებების შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილებულია ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

„მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოთ, რომ ადამიანის უფლებების შესახებ განათლება - მათ შორის რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი ყველა საფეხურზე“,- ნათქვამია კომიტეტის რეკომენდაციებში.

აღსანიშნავია, რომ აშშ გაეროსთვის ოფიციალურად მიწოდებულ ინფორმაციაში თავად აღიარებს, რომ სისტემაში ბევრი პრობლემაა და აქვე წარმოადგენს აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას.

დღის ამბები