ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის სადღეგრძელოს ცოტა თუ სვამს მსოფლიოში, კიმ ჩენ ინი გამონაკლისია. მასპინძელთან საერთო ბევრი აქვს და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი უნდა, რადგან დღეს თამამად თქვა, რომ მოსკოვთან კავშირები ფხენიანის ახალი პრიორიტეტი ხდება. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო პოლიტიკის ორმა ანტაგონისტმა საფუძველი მეგობრობის ახალ ეტაპს ჩაუყარა, რომელიც სიტუაციურთან ერთად, საკმაოდ ლოგიკურიცაა, რადგან ორივე მიიჩნევს, რომ ეს სამყაროა მათ წინააღმდეგ და არა პირიქით.
"ჰეგემონია" ამ ორი ლიდერისთვის სამი სიტყვით იშიფრება : ამერიკის შეერთებული შტატები - საერთო მტერი კი აახლოვებს, ამიტომაც იყო დახვედრა ასეთი თბილი, ლოკაცია კი სიმბოლური. "ვასტოჩნის" კოსმოსური აეროდრომი ის ადგილია, სადაც რუსეთი ჩრდ.კორეას სადაზვერვო თანამგზავრების მშენებლობაში დახმარებას დაჰპირდა, რაც ფხენიანს უკვე მეორედ დამოუკიდებლად არ გამოსდის. სანაცვლოდ, კი კიმ ჩენ ინი რუსეთს დასავლურ იმპერიალიზმთან ბრძოლაში გვერდში დგომას ჰპირდება, თუმცა ზოგად ფრაზებს შორის ბევრი რამ დაიმალა. როგორც მოსალოდნელი იყო საჯაროდ არაფერი ითქვა მთავარ ამბავზე, რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, რომელზე შეთანხმებაც, დასავლეთი შიშობს, რომ უკვე დადებულია. კრემლს არ დაუმალავს, რომ საუბარი ყველაფერზე შედგა - მათ შორის სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას რუკაზე ერთმანეთი დღეს არ აღმოუჩენიათ, თუმცა მათი ურთიერთობები ახალ სანქციებთან ერთად სულ უფრო ახლო ხდებოდა. იზოლაციაში მყოფ ჩრდ.კორეა საკვებ მარაგებსა და სტრატეგიულ ტექნოლოგიებში უჭირს, რუსეთი კი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მარაგების შევსებას ცდილობს. საამისოდ ფხენიანს საკმაოდ სოლიდური შესაძლებლობების თავდაცვითი ინდუსტრია აქვს. ბევრისთვის ეს უკვე განაჩენია, რომ სიდიადეზე პრეტენზიების მქონე რუსეთმა დახმარება ნაკლებად განვითარებულ და მასზე მეტად იზოლირებულ ქვეყანას სთხოვა. ეს კი შტატებისთვის იმის დასტურია, რომ რუსეთს უკრაინაში ძალიან გაუჭირდა.
ახალი თავი ორი ქვეყნის მეგობრობაში რეგიონის მასშტაბით გარკვეული ალიანსის ნიშნებს აჩენს, მაშინ როდესაც იაპონია და სამხრეთ კორეა აშშ-სთან, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი კი რუსეთთან პარტნიორობას ამჯობინებენ. სეულსა და ტოკიოს უკვე ენიშნათ სიგნალი,რომელიც კიმ ჩენ ინმა დისტანციურად მოსკოვიდან გააგზავნა, როდესაც პუტინთან შეხვედრის დაწყების წინ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს, ბევრის შეფასების შოუს ელემენტი ადრესატებამდე მივიდა და შეშფოთებაც გამოიწვია. რეგიონის ყველაზე გავლენიანი ძალა კი მშვიდობისმყოფელად პოზიციონირებს, თუმცა არჩევანზე რომ მიდგეს საქმე - პეკინი ძალიან მკაფიოა.
პუტინთან 2 საათიანი საუბრის შემდეგ კიმ ჩენ ინის ცნობილმა, ჯავშნიანმა მატარებელმა გეზი უკან ფხენიანისკენ უკვე აიღო, თუმცა ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში პერიოდულად გაჩერდება რუსეთის სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც მოსკოვთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გაეცნობა. 2 დღეში კი მას უკვე გარესამყაროსგან იზოლირებულ სამშობლოში ელიან, პუტინის დაპირებით ხელში, ამხანაგობაზე თანაბარი პირობებით.