06 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
"მსოფლიოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ კანონმა აჯობოს აგრესიას და ყაჩაღურ ძალებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში, ომის 570-ე დღეა - რუსეთის საოკუპაციო ძალები საერთაშორისო სამართლის პრინციპების იგნორირებას განაგრძობენ და შეტევებს არამხოლოდ უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე ახორციელებენ. თავდასხმას კი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. 

ბოლო 24 საათში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, 59 საავიაციო დარტყმა განხორციელდა და დრონებით 12-ჯერ შეუტიეს დასახლებულ პუნქტებს. სამიზნე გახდა 100-მდე საცხოვრებელი ზონა, მათ შორის ხარკოვი, დონეცკი და ხერსონი. 

"ხელშესახები და უკრაინისთვის ძალიან საჭირო შედეგები გვაქვს ბახმუტის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ანდრიივკა. მადლობას ვუხდი მესამე მოიერიშე ბრიგადას და მეთაურ სირსკის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოქმედებას კლიშჩიივკასა და კურდიუმივკას მიმართულებებით. ძალიან ძლიერად ოპერირებს 36-ე საზღვაო ბრიგადა ოპიტნესა და ვოდიანეს მიმართულებებით. ნოვოპროკოპივკა კარგი ნამუშევარია! ვამაყობ თითოეული მეომრით,რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს. აქვე გეტყვით,რომ შევხვდი კარიმ ხანნს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, განვიხილეთ სამართლებრივი მიდგომები იმ ხალხისთვის, ვინც რუსეთის კრიმინალური ომის გამო იტანჯება.

პასუხი უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი. მსოფლიოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ კანონმა აჯობოს აგრესიას და ყაჩაღურ ძალებს," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

უკრაინა დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურობისთვის ემზადება. ზელენსკის ვაშინგტონში ელიან. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი აცხადებს, რომ ეს იქნება აშშ-ის ლიდერისა და უკრაინის პრეზიდენტის მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. 

"პრეზიდენტი ბაიდენი ხუთშაბათს ვაშინგტონში უმასპინძლებს პრეზიდენტ ზელენსკის. ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში - საკმაოდ კრიტიკულ დროს. იმ ფონზე,როდესაც უკრაინული ძალები ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ კონტრ-შეტევებს ახორციელებენ, რუსეთი კი ამ სასტიკ ომში სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. ახლოვდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაც, რომელსაც მდივანი ოსტინი უკვე უწევს ორგანიზებას - ათობით მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად ევროპიდან. ვაგრძელებთ კოორდინაციას უკრაინისთვის შეიარაღების მომარაგების მიმართულებით," - აცხადებს ჯეიკ სალივანი.

 

 

დღის ამბები