15 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ 2 მოსმენით განხილულ კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს

პარლამენტი, დეოლიგარქიზაციის შესახებ 2 მოსმენით განხილულ კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ხვალ, საკითხს კენჭისყრაზე დააყენებენ, თუმცა ჩააგდებენ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ნაცვლად, ვენეციის კომისიას უახლოეს მომავალში მთავრობასთან არსებული შესაბამისი კომისიის მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმას გაუგზავნიან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა პერსონალურ მიდგომაზე საბოლოოდ თქვა უარი და დეოლიგარქიზაციის შესახებ დოკუმენტი სისტემურ მიდგომაზე იქნება დაფუძნებული. დეოლიგარქიზაციის გარდა "ქართული ოცნება" დამატებით კიდევ 3 მიმართულებით გეგმავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ევროკომისიის რეკომენდაციების გაზიარებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით კი შესაბამის რეაგირებას ახლა პარტნიორებისგან ელოდებიან.

"ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები