06 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია - აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა

ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რეგიონთან, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ახორციელებენ ინტენსიურ იერიშს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას ჯერ კიდევ ჰყავს 10 000 სამხედრო ყარაბაღში. სომხეთი აგრძელებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ, ეს სრულიად საზიანოა რეგიონალური სამშვიდობო დღის წესრიგისთვის. დღეს სომხეთის სამხედრო რაზმებმა აზერბაიჯანის ხარაბას რაიონში აწარმოეს პროვოკაციული ტერორისტული მოქმედებები აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების წინააღმდეგ, რის შედეგადაც პოლიციელები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ ნაღმის აფეთქების შედეგად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კონტრტერორისტული მოქმედებების შედეგად მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა განეიტრალდება და სომხეთი ასევე შეწყვეტს თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს. ჩვენ გავაფრთხილეთ და გავუგზავნეთ სხვადასხვა ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აზერბაიჯანის განზრახვა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება იყო," - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეტ ჰაჯიევი.  

სომხური მხარის ინფორმაციით, დღევანდელი დაბომბვების შედეგად სტეფანაკერტში დაღუპულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი ბავშვია. დაჭრილია 26 ადამიანი.  

ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში აფეთქებებისა და განგაშის სიგნალის შესახებ წერს სომხური მედიაც. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომეხი მებრძოლების მიმართულებით, პროვოკაციული ნაბიჯები განახორციელა, რის შედეგადაც დაშავდა 2 აზერბაიჯანელი სამხედრო. ევროკავშირი და მსოფლიო ლიდერები მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ოპერაციის მთავარი მიზანია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა.

"ამ ოპერაციის მთავარი მიზანია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა. უცნაური და დამაბნეველი იყო ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად აცნობა რუსეთის ფედერაციას ამ ოპერაციის დაწყების შესახებ. ეს არის აზერბაიჯანის ვერსია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსი პარტნიორებისგან ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უპირველესად რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებმა უნდა მიიღონ ზომები, ჩვენ ასევე ველით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოც იმოქმედებს," - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

 

 

 

 

დღის ამბები