06 ოქტომბერი 2024,   23:30
ვრცლად
საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში - რა ვითარებაა ახლა სტეფანაკერტში და რატომ დაიწყო ერევანში საპროტესტო აქცია  

სტეფანაკერტში ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე, განგაშის სიგნალს აფეთქებების ხმა მოჰყვა. სომხური მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი და დაჭრილია 26 ადამიანი.

აზერბაიჯანში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ყარაბაღში "ლოკალური ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყება გამოაცხადეს, ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნით ტერიტორიის დატოვების საშუალებას აძლევენ. პარალელურად, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ოპერაციის მიზანი, სომხური შეიარაღებული ძალების განიარაღებაა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ყარაბაღში შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ აქვთ. ერევანში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. იქამდე კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მოქმედებებში ჩართვაა.

ნიკოლ ფაშინიანის მიმართვის შემდეგ ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ეროვნულ ასაბლეასთან უკვე რამდენიმე საათია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვს, პასუხი გასცეს აზერბაიჯანის ქმედებებს. 

სანამ სომეხი ხალხი ქუჩაში ფაშინიანის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს, მათი პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშიანიანი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც ესაუბრა. სატელეფონო საუბარი შედგა აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორისაც. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მეგობარი ქვეყნისგან მხარდაჭერის დასტური კიდევ ერთხელ მიიღო. მოსკოვმა მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა.

ყარაბაღში არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის დეესკალაციისკენ და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. ამის შემდეგ ადგილობრივი დროით, დაახლოებით 13:00 საათზე ოფიციალურმა ბაქომ თქვა, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომების მიღება დაიწყო.

 

 

დღის ამბები