06 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
ნათია თურნავა : ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას , მაგრამ ჩვენს ქმედებებში ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით

ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული რომელიმე კონკრეტული პიროვნების გამო და ცვლილება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება არის საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი და სწორედ ამიტომ, შესაბამისი დაზუსტება იყო შეტანილი სანქციების აღსრულების წესში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისაკენ და კონკრეტული სახელების და გვარების დაცვის მიზნებისკენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იცავს და დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და ვიდრე მათ მიმართ არ შევა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება იქნება ამ ეტაპზე შეჩერებული. რასაკვირველია, შემდეგ სანქციების აღსრულება მოხდება ჩვეულებრივ ფორმატში.

სხვადასხვა ანალოგიური პრაქტიკა არსებობს განვითარებულ სახელმწიფოებში. არ ხდება ხოლმე ყველა შემთხვევაში ავტომატური ქმედება, თუკი ასეთი ავტომატური ქმედება გარკვეულ შესაბამისობაში არის ეროვნულ კანონმდებლობებთან, მით უფრო, ჩვენ დაგვიდგა საკითხი, რამდენად შეესაბამება ესეთი ავტომატური აღსრულება სანქციების. რაც აქამდე ხდებოდა, ჩვენს კონსტიტუციას. და, სწორედ ამ გარკვეული კოლიზიის აღმოსაფხვრელად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დასაცველად, ამიერიდან, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, იქნება გარანტირებული, რომ მის მიმართ, საერთაშორისო სანქციების აღსრულება განხორციელდება კონსტიტუციური უფლებების სრული დაცვით და მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მინდა ვთქვა იმის შესახებ, თუ როგორ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქაც იყო სხვადასხვა ინტერპრეტაცია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი სანქციების რეჟიმებს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არის დაწესებული ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ, ასრულებს და მიჰყვება გასული წლის თებერვლიდან. აქამდე, აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ხდებოდა ავტომატურად. ანუ, კონკრეტული, ცალკეული პირის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი, შემთხვევაში, ჩვენი საბანკო სისტემა ავტომატურად აღასრულებდა ამას და არ იყო საჭირო რაიმე ცალკეული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების ეროვნული ბანკის მხრიდან.

ამჯერადაც, როდესაც დადგა პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა სასანქციო სიაში, თავდაპირველად მოხდა სწორედ ესეთი ავტომატური აღსრულება, მაგრამ ვინაიდან ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მართებულად დაისვა საკითხი, ასეთი უპირობო აღსრულება, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას, რამდენად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და რამდენად კანონიერია," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები