გაეროს გენერალური დებატების ფორმატში მეორე დღეა, სახელმწიფოების ლიდერები, მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე მსჯელობენ. ბუნებრივი მოვლენები, კატაკლიზმები, სოციალური ვითარება, საომარი მოქმედებები - თანამედროვე სამყაროს მრავალი გამოწვევა აქვს. უმაღლესი ტრიბუნიდან უკვე ისაუბრეს იმ სახელმწიფოების ლიდერებმა, რომლებიც მსოფლიო დღის წესრიგის შემუშავებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან საზოგადოებას 22 სექტემბერს მიმართავს. რამდენად მზად არის მსოფლიო თანამეგობრობა, გამოწვევებთან გასამკლავებლად - ეს არის კითხვა, რომელიც გაეროში რამდენჯერმე გაისმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ რიტორიკულ შეკითხვას პასუხი თავადვე გასცა და თქვა, რომ საერთო ძალისხმევის გადასაჭრელად მხოლოდ ერთი გამოსავალი - ერთიანობა არსებობს. ჯო ბაიდენმა გენერალურ ასამბლეაზე, უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოვიდა.
1945 წელს შექმნილი ორგანო, რომ ვერ პასუხობს თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, ეს კარგად იცის თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტიერეში გლობალური მმართველობის გაჯანსაღების აუცილებლობაზე საუბრობს. ორგანიზაციის კრიტიკას არ მოერიდა თურქეთის პრეზიდენტიც. დღევანდელი მსოფლიო, ერდოღანის სიტყვებით, უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედ ხუთ სახელმწიფოზე მეტია.
ამ მოცემულობაში გაეროს მუდმივმოქმედი და არამოქმედი წევრი სახელმწიფოების მეთაურები 78-ე ასამბლეაზე მსჯელობენ იმ გადაუჭრელ პრობლემაზე, რომელიც მსოფლიოს წინაშე ახლა დგას. რუსეთი, ლიდერების განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას ცვლის. რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე საუბრისას პოლიტიკოსები საქართველოს და 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და გაეროს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრის დროს. პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს გადასცა, რომ საქართველო აფასებს მის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ვითარებაზე საუბრისას კი ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია გერმანიაც. პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი საკითხები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შესრულდება. ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან შეხვედრა, სწორედ ამერიკასთან არსებული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებას დაეთმო. საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სიტყვით გამოსვლისას, მდგრადი განვითარების სამიტზე. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას, კლიმატური ამბიციების სამიტშიც მიიღებს.