06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის დეტალებს დღეს აზერბაიჯანულ ქალაქ ევლახში შეათანხმებენ

მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის დეტალებს დღეს აზერბაიჯანულ ქალაქ ევლახში შეათანხმებენ. შეხვედრის მთავარი თემა ყარაბაღში მცხოვრები სომხური თემის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება.

ამ საკითხზე გაკეთდა აქცენტი აზერბაიჯანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დროსაც. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას დადებითი გადაწყვეტილება უწოდა.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი რეგიონში სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის. ჯოზეფ ბორელის თქმით, ტოივო კლაარი ჩავა, თუმცა უმაღლეს ევროკომისარს არ დაუზუსტებია, ევროკავშირის დიპლომატი მხოლოდ აზერბაიჯანში გაემგზავრება, თუ ერევანსაც ეწვევა.

შეგახსენებთ, გუშინ არაღიარებული ყარაბაღის ე.წ "მთავრობამ" თეთრი დროშა აღმართა, რითაც თითქმის 35-წლიანი კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასრულდა.

დღის ამბები