06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, პრემიერ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქცია საღამოს საათებში დაანონსდა

პოლიციამ ერევანში ღამით 10-მდე ადამიანი დააკავა, ისინი პროტესტის ნიშნად დედაქალაქის ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ. ასობით დემონსტრანტი უკმაყოფილებას მთიანი ყარაბაღის ჩაბარებისა და რეგიონში სომხური ხელისუფლების საბოლოო დაშლის გამო გამოთქვამს. მომიტინგეები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

ფაშინიანის განცხადებით, რეგიონში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას უნდა მიეცეს უფლება დარჩნენ საკუთარ სახლებში, თუმცა მისივე თქმით ქვეყანა მზად არის ყარაბაღიდან დევნილი 40 ათასი ოჯახის მიღებისთვის.

ფაშინიანი ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთს საჯაროდ ადანაშაულებდა სომხეთის არასაკმარის მხარდაჭერაში. სომხეთის პრემიერი ასევე საუბრობს შეთქმულებაზეც, რომლის მიხედვითაც, დაუდგენელი ძალები ერევანში გადატრიალების აწყობდნენ.

ერევანში, აქციის მონაწილეებმა დილის 10 საათიდან რესპუბლიკის მოედანი ისევ გადაკეტეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობას იცავენ.

აქციის მონაწილეების მიერ რესპუბლიკის მოედნის გადაკეტვის მოტივი იყო, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება მოეხდინათ. გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ მთავრობის სხდომა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მთავრობის სხდომის ჩატარების დრო გადაწია. მათ სხდომა ჩაატარეს დილით ადრე, იქამდე, სანამ აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ.

ტერიტორიაზე მყოფი ოპოზიციონერების თქმით, ამ დროისთვის, შენობაში არ იმყოფებიან არც მინისტრთა კაბინეტის წევრები, არც პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფართომასშტაბიანი აქცია კვლავ რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს საათებში დააანონსეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ვერ გადადგა თანმხვედრი ნაბიჯები ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ის აზერბაიჯანს ჩააბარა.

დღის ამბები