06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
ოდესა ოკუპანტის მთავარ სამიზნედ რჩება -  როგორი ვითარებაა უკრაინაში ომის 579-ე დღეს

ოდესა ოკუპანტის მთავარ სამიზნედ რჩება. აგრესორმა საპორტო ქალაქს "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ზიანი მიადგა მარცვლეულის ტერმინალს. აფეთქებულია რამდენიმე საცავი. ნანგრევებში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა ფაქტობრივად სრულად განადგურებულია სასტუმრო "ოდესა". შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 5 ადგილობრივი.

მასშტაბური იერიში მიიტანა რუსულმა არმიამ ხერსონის ოლქზეც. ბერისლავის რაიონში მძიმედ დაშავდა 7 სამოქალაქო პირი. დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ასობით ოჯახი ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შეტევისთვის საოკუპაციო ძალამ 33 რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის დრონები გამოიყენა. 30 საჰაერო სამიზნე უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსული არმიის შეტევა გაცილებით დამანგრეველი იქნებოდა, რომ არა პარტნიორების დახმარება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სიტუაცია უფრო შეიცვლება მას შემდეგ რაც ვაშინგტონი და კიევი იარაღის ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგით მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა. უკანასკნელი 24 საათის სტატისტიკა გენშტაბში შეაჯამეს. უწყებაში ამბობენ, რომ შეტევითი ოპერაცია მიმდინარეობს მელიტოპოლის მიმართულებით. ზაპოროჟიეში კი რუსული არმიის რამდენიმე იერიში მოიგერიეს.

გენშტაბის ცნობით, იერიში მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე ოკუპირებულ სევასტოპოლში. უკრაინული მხარის მტკიცებით, შენობა მიწასთან არის გასწორებული. დაღუპულია 34 ოფიცერი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა 105 ადამიანი.

ამ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ძალოვან უწყებაში დანაკარგს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ზიანი მხოლოდ ჩამოწერილ ხომალდებს მიადგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კიევის შეტევითი მოქმედებები ფრონტის ხაზზე მინიმალურია და უკრაინელ სამხედროებს, ძირითადად, თავდაცვით პოზიციაში უწევთ ყოფნა.

დღის ამბები