15 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს - ირაკლი ღარიბაშვილი
მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, 2012 წლიდან  მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.
 
„ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
 
2008 წელს რუსეთის შემოჭრამ მძიმე შედეგები იქონია ჩვენს ხალხზე. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ომის გამო არსებული არასტაბილური ვითარება გვახსენებს აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და კონფლიქტების −  მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის − მოგვარების საჭიროებას.  ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას.
 
დასკვნის სახით, ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი მზადყოფნა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ვდგავართ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გადამწყვეტ მომენტში და გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირისადმი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას. დაე, ეს 15 წლის იუბილე იყოს იმის დასტური, რასაც ერთად მივაღწიეთ და იმ მუდმივი ვალდებულების შეხსენება, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობის, შერიგებისა და კეთილდღეობის მიმართ.
 
ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს. დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღის ამბები