15 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ნიკა მელიას გეგმა - ვინ დადგება ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის გვერდით 7 ოქტომბერს ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე 

ნიკა მელია ფიქრობს, რომ ხაბეიშვილთან პოლიტიკური განქორწინება, პარტიაში არსებული განხეთქილების ლოგიკური დასასრულია. გუნდიდან წასვლა ჭრილობების მოსაშუშებლად უნდა, საიდუმლოდ არაფერს ტოვებს და ამბობს, რომ ფუნდამენტური განსხვავებების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" რეალურ მმართველებს შორდება. ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო მარათონში ასპარეზობას დამოუკიდებლად გეგმავს, თან დარწმუნებულია, რომ პარტიის წევრების უმრავლესობა მალე მის ბანაკში აღმოჩნდება.

მელიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბარს თავს არიდებს ლევან ხაბეიშვილის ფრთა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკვე მეორე დღეა ამბობენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის საკითხი პარტიისთვის პრიორიტეტული აღარ არის.

მელიას პარტიიდან წასვლის მიზეზად, ოპოზიციის ერთი ნაწილი მის მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას ასახელებს. "გირჩში" დარწმუნებულები არიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის წასვლით, პარტიის რღვევა უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. მელიას პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს გიორგი გახარიას გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის ადგილი ციხეშია. 

მელიას ფრთა თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების პლატფორმა იმ დროს დამარცხდა, როდესაც 0,5 პროცენტიანი გიორგი ვაშაძე ხაბეიშვილმა საკუთარი ფრთის ქვეშ შეიფარა. 

მელიასთან პოლიტიკური განქორწინება და ვაშაძესთან დაქორწინება ხაბეიშვილისთვის მორიგი მარცხი რომ იქნება, ამას მმართველი გუნდიც ამბობს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მოთამაშეებს პერსპექტივა აღარ აქვთ, რადგან სააკაშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილის მმართველობამ პარტია რადარებიდან გააქრო.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან წასვლის განაცხადს, სავარაუდოდ, ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ნიკა მელია თანამოაზრეებს ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის ინიციატივას 7 ოქტომბერს გააცნობს.

 

დღის ამბები