15 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ახალი პოლიტიკური გზავნილი "ვივა მედის" კლინიკიდან - ვინ როგორ აფასებს მსჯავრდებული პრეზიდენტის განცხადებას

"ვივა მედის" კლინიკიდან, მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური გზავნილი თავის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს გამოატანა. ბრძოლა ხელისუფლების ცვლილებისთვის - ეს ყოფილი პრეზიდენტის გეგმაა, რომელიც მისი აზრით, მხოლოდ ოპოზიციის ერთობით მიიღწევა. ამ პროცესში, სააკაშვილი საკუთარ როლსაც ხედავს და მეტიც, ახალი კადრების შერჩევაზე სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა გამარჯვება არჩევნებამდე უნდა გაიფორმონ, თუმცა ამ პროცესში მათ ახალგაზრდების პროტესტით არ უნდა ისარგებლონ.

სააკაშვილის მოწოდება ერთობისკენ მოსწონთ მის პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ეს პოზიცია სიახლე არ არის და ის ყოველთვის ოპოზიციის გაერთიანებას უჭერდა მხარს.

მიხეილ სააკაშვილის ახალი განცხადება არათანმიმდევრულია ოპოზიციისთვის, სადაც ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული გეგმა მათი გამარჯვების გასაღები არ არის. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი არასანდო მოკავშირეა, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა სამომავლოდ არ სურთ.

სააკაშვილის მორიგი გზავნილი "ვივა მედის" კლინიკიდან რევოლუციის დააანონსებაა მმართველი ძალისთვის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყანაში შემოპარვის მთავარი მოტივიც სწორედ ეს იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად ოპოზიცია, ერთობით და აქციებით ხელისუფლების ცვლილებას აანონსებს, თუმცა, მათი კონკრეტული გეგმები ჯერ ისევ უცნობია. 

დღის ამბები