06 ოქტომბერი 2024,   22:40
ვრცლად
"2010 წლიდან აქ ვარ, ყოველთვის იგივე ხდება, რაღაც პერიოდულობით პატრულირებენ" - რას ჰყვება მლეთის ტაძარში მომსახურე სასულიერო პირი

რა ვითარებაა სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან - მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელსა და მედიის ნაწილში, ადგილზე რუსი სამხედროების გადაადგილების ამსახველი კადრები გავრცელდა, ეკლესიაში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი და ეკლესიაში მომსახურე სასულიერო პირი აცხადებენ, პატრულირება წლებია ხორციელდება და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდებიან.

"2010 წლიდან აქ ვარ, ყოველთვის იგივე ხდება, რაღაც პერიოდში პატრულირებენ, ხან ხშირად, ხან - რაღაც დროის შემდეგ, გააჩნია, როდის გადაწყვეტენ პატრულირებას. გუშინაც ისეთივე ამბავი იყო - ჩვეულებრივ ამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს, აქ, ტაძართან ყოველთვის ისვენებენ და შემდეგ გზას აგრძელებენ, გუშინაც ასე იყო - დაისვენეს, გადახედეს არაგვის ხეობას, გაიარ-გამოიარეს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. ყოველთვის ასე ხდება,"- აცხადებს ეკლესიაში მომსახურე სასულიერო პირი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ტაძარში ჩვეულ რეჟიმში ტარდება ღვთისმსახურება და მომლოცველებსაც აქვთ იქ მისვლის შესაძლებლობა.

"კვირაში ერთხელ ან ორჯერ, აქ ამოდის პატრული. ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდევაც რუსული ბაზა. მათ აქ მორიგეობა აქვთ და ამოდიან. გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ფაქტების აღრევა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რასაც გუშინდელ სიუჟეტში ჰქონდა ადგილი. საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდეგ ეს კადრი გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე, ლომისის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი. რაღაც პერიოდის წინ, იქაც შესაძლებელი იყო გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ იქ ვიღაცამ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, აღრევა სახელების, ადგილების, გადანაცვლება მოვლენების საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს," - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

დღის ამბები