06 ოქტომბერი 2024,   22:05
ვრცლად
„საკითხი სენსიტიურია და საჭიროა ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორებიც, გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა ტაძრების შემთხვევაში, უკვე მოხდა“ - რას განცხადებები კეთდება ლომისას წმინდა გიორგის ტაძართან ოკუპანტების გამოჩენაზე

მამა გრიგოლი, რომელიც, წლებია, ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში უწყვეტად მსახურობს, ორი დღის წინანდელ ფაქტებს იხსენებს, რომელთა ამსახველმა კადრებმა და მოთხრობილმა ამბებმა მღელვარება და კითხვები გამოიწვია. სასულიერო პირი ადასტურებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტაძართან რუსი სამხედროები ხშირად ჩნდებიან, თუმცა ეს წლების განმავლობაში გრძელდება.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მლეთაში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს და კონტროლის ზონას აფართოებენ, სიცრუესა და საზოგადოების დაძაბვის მცდელობას უწოდებს საპატრიარქოს პრესმდივანი. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მლეთაში ვითარებას დღეს პირადად გაეცნო. იქვე გააკეთა შეფასება, რომ საკითხი სენსიტიურია და საჭიროა ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორებიც, გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა ტაძრების შემთხვევაში, უკვე მოხდა.

მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის სიახლოვეს, რუსი სამხედროების პატრულირების ფაქტები სიახლე არ არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ის, რომ საოკუპაციო ხაზი ლომისის ტაძართან და ქვეყნის სხვა არაერთ მონაკვეთზეა გავლებული, ქვეყნისთვის რთული მოცემულობაა 2008 წლის შედეგ - მლეთაში არსებულ ვითარებას ასე გამოეხმაურა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი "რუსთავი 2"-ის ეთერში. მანვე, "ღამის კურიერში", განმარტა, თუ რა ფორმით ცდილობს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპაციის პირობებში საკითხის დარეგულირებას და ინციდენტების თავიდან არიდებას.

მლეთაში, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე ქედზე გამყოფი ხაზი ზუსტად ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და გვერდით მდგარ კელიას შორის გადის. აქ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი არ დგას და არც მავთულხლართია გავლებული, თუმცა ოკუპანტი რუსეთი აქ თავის არსებობას და ოკუპაციის მძიმე შედეგს საზოგადოებას პერიოდულად რუსი სამხედროების პატრულირებით დემონსტრაციულად ახსენებს.

დღის ამბები