05 ივლისი 2024,   23:23
ვრცლად
ქვისა და ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი, უნაგირის ოსტატი, ცივი იარაღის მჭედელი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საჭირო პროფესიები

მჭედელი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საჭირო პროფესია. ამ პროფესიის წარმომადგენლების რაოდენობა, 21-ე საუკუნეში უფრო და უფრო მცირდება.

თუმცა, სასიხარულოა ის, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს მისდევენ.

მჭედლებს საუკუნეების წინ განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. მათი ნაკეთობების გარეშე ვერც გლეხი მუშაობდა და ვერც მშენებელი. ყველაზე მეტად ფასობდნენ ცივი იარაღის ოსტატები.

ქვისა და ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი, უნაგირის ოსტატი, იგივე სარაჯი, ცივი იარაღის მჭედელი, - ამ პროფესიების მქონე ადამიანები, საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ არქიტექტურას, საბრძოლო ხელოვნებას, უნიკალურ ნაკეთობებს.

ის, რაც საუკუნეების წინ წინაპრებმა დაიწყეს, დღეს მათი შთამომავლები აგრძელებენ, თუმცა 21-ე საუკუნეში ძველ ხელობებს სულ უფრო ნაკლები ოსტატი ჰყავს.

დავით ბერიძემ უძველესი ხელობა მამისგან ისწავლა. სამუშაო ინსტრუმენტებსაც თავად ამზადებს და მაქსიმალურად ცდილობს იმუშაოს იმ მეთოდით, რომლითაც საუკუნეების წინ თლიდნენ ქვას.

თითებზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დღეს ნამდვილ ქართულ უნაგირებს კერავს. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, ახალციხელი უჩა ზედგინიძე. ქართული უნაგირის მთავარი პლუსი, მისი კომფორტულობაა. ის მოსახერხებელია, როგორც სამგზავროდ, ასევე საბრძოლველად და სხვადასხვა შეჯიბრის დროს.

თითო ასეთი უნაგირის დამზადებას, რამდენიმე დღე სჭირდება. თავდაპირველად, მზადდება რკინისა და ხისგან შეკრული კარკასი. შემდეგ კი, იწყება ტყავზე მუშაობა. სამუშაო შრომატევადია, სამაგიეროდ თვითონ პროდუქტი მოთხოვნადი.

მესხეთიდან კახეთში გადმოვინაცვლოთ, სოფელ არბოშიკში. ის, რაც ზაზა ალადაშვილის სამჭედლოში ხდება, ცალკე ხელოვნება და ცალკე სანახაობაა. ყველაფერი იწყება უბრალო რკინის ნაჭრით.

გარკვეული დროის შემდეგ, რკინას ეძლევა ფორმა, რომელიც იდეალურად უნდა დამუშავდეს. ამ დამუშავების შემდეგ კი, გახურებული რკინა, ზეთში იწრთობა - ეს ცალკე სანახაობაა.

ფენა ედება ფენას და, საბოლოოდ, გამოდის ხმალი, რომელსაც ორნამენტები ეტყობა. კედლებზე უხვადაა გამოფენილი ზაზასა და მისი შვილის, თენგოს ნამუშევრები. ყველა ეს ხმალი, სატევარი თუ დანა, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშია და ზუსტი ასლია იმ იარაღების, რომლებსაც ძველი მჭედლები ჭედავდნენ.

აი, ეს არის ის ხალხი, რომლებიც უძველეს ქართულ ტრადიციებს საქმით უფრთხილდებიან. მათ ყველა ნამუშევარს კი, არაერთი ტაძარი, მუზეუმი და კერძო კოლექცია ინახავს.

 

ავტორი: გიორგი ქორქია 

 

 

დღის ამბები