01 ივლისი 2024,   14:06
ვრცლად
სიკვდილით დასჯის უპრეცედენტო მეთოდი - 58 წლის კენეტ სმიტი აშშ-ის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული იქნება, რომელსაც სიკვდილით აზოტის შესუნთქვით დასჯიან

58 წლის კენეტ სმიტი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მსჯავრდებული იქნება, რომელსაც სიკვდილით აზოტის შესუნთქვით დასჯიან.

სიკვდილმისჯილ კენეტ სმიტის სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულება ექსპერიმენტული მეთოდით - აზოტის გამოყენებით მოხდება. სიკვდილით დასჯის ეს წესი 3 შტატს - ალაბამას, ოკლაჰომასა და მისისიპის აქვთ დამტკიცებული, თუმცა ალაბამა პირველი შტატი იქნება ისტორიაში, რომელიც პატიმარს სიკვდილით აზოტის გამოყენებით დასჯის. განაჩენის აღსრულება, ცენტრალური ამერიკის დროით, 18:00 საათზე, ალაბამის ეთმორის საგრაფოს ციხეშია დანიშნული.

58 წლის კენეტს სმიტის სიკვდილით დასჯას, ალაბამა მეორედ ცდილობს. სმიტი, შეკვეთილი მკვლელობისთვის, უკვე 20 წელიწადზე მეტია, სიკვდილმისჯილთა რიგშია. მას უმაღლესი ზომა 45 წლის ელიზაბეთ სენეთისის შეკვეთილი მკვლელობისთვის მიუსაჯეს, რომელიც სმიტს 1000 დოლარად თავად ქალის მეუღლემ შეუკვეთა. ბრალდებული, სასიკვდილო ინექციის გამოყენებით, 2 წლის წინ უნდა დაესაჯათ, თუმცა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მას ვენაში კათეტერი ვერ ჩაუდგეს. აზოტით სიკვდილით დასჯის პრეცედენტი ამერიკაში ჯერ არ ყოფილა და ექსპერტებმა არ იციან, იქნება თუ არა ის უფრო მეტად ჰუმანური და უმტკივნეულო, ვიდრე - ლეტალური ინექცია.

უზენაესმა სასამართლომ განაჩენის აღსრულების შეჩერებაზე უარი განაცხადა. ალაბამელმა პროკურორებმა ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს განუმარტეს, რომ აზოტით ჰიპოქსია უმტკივნეულო და ჰუმანური მეთოდია. თუმცა გაეროში ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში უწოდეს ამ მეთოდს "აზოტით მოხრჩობა" და შეშფოთება გამოთქვეს, რომ შესაძლოა, ამან პატიმრის წამება გამოიწვიოს.

სიკვდილით დასჯა ამერიკის 27 შტატში მოქმედებს, თუმცა მათგან ექვსს და ფედერალურ მთავრობას მორატორიუმები აქვთ. სასჯელის აღსრულება, უმეტესად, სასიკვდილო ინექციით ხდება, თუმცა ბოლო წლებში მედიკამენტების, მათ შორის, სოდიუმ თიოპენტალის იმპორტი შეუძლებელი გახდა, რადგან ევროკომისიამ ციხეების ფედერალურ ბიუროზე მათი მიყიდვა აკრძალა. ამ ნაბიჯს "ფაიზერი" და სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია სიცოცხლის გადასარჩენად იქმნება.

დღის ამბები