NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
NATO-ს გენერალურ მდივანს თბილის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და NATO-ში საქართველოს ელჩი დახვდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს მოიტანს.
"ალიანსისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალია ღირებული პარტნიორია ჩვენს რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა. დინამიკა გაგრძელდება, ჩვენ მადლიერი ვართ ალიანსის იმისთვის, რომ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და გვექნება ძალია მჭიდრო მხარდაჭერა და ცალსახა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც ალიანსი, ასევე ბატონი სტოლტენბერგი ყოველთვის გამოირჩევა მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საქართველოში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზაფხულში ვაშინგტონში NATO-ს სამიტია დაგეგმილი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"ამგვარ ტურბულენტურ გარემოში დღეს მისი ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს მომავალში, ზაფხულში დაგეგმილია ვაშინგტონის NATO-ს სამიტი, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის და წარმატებული ისტორიის ელემენტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დღესაც ვაპირებთ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილოთ ეს თემები. კონკრეტულ თემებზე, ჯერჯერობით, ნაადრევია საუბარი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ისევე როგორც მარტო უკრაინას არ ეხება. დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.