18 მაისი 2024,   12:48
ვრცლად
ვინ არის ტრამპის 18 წლის მემკვიდრე, რომელიც კონსერვატიულ წრეებში განიხილება, როგორც "იმედის შუქურა"

ამერიკაში მას "ტრამპ თაუერს" ეძახიან. 18 წლის ბარონ ტრამპი სიმაღლეში 2,01 მეტრია. როგორც გამოცემა Bild წერს, ბარონმა ახლახან აღნიშნა თავისი 18 წლის იუბილე, საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა, თუმცა სულ უფრო იზრდება ვარაუდები იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ის მალე გამოვიდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე და გაუძღვეს ტრამპის დინასტიას.

დასავლური გამოცემები წერენ, რომ კონსერვატიულ წრეებში ბარონ ტრამპი განიხილება, როგორც "იმედის შუქურა". ზოგი მას ხედავს, როგორც შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს საშუალოვადიან პერსპექტივაში. შემთხვევითობად არც ის მიაჩნიათ, რომ უკვე არსებობს რესპუბლიკელების სამკერდე ნიშნები წარწერით - "ტრამპი 2052". ეს ის დროა, როცა ბარონ ტრამპი 45 წლის იქნება.

აქამდე მოზარდი ტრამპი საზოგადოებისგან კარგად დაცულ გარემოში იზრდებოდა. ძირითადად, მისი დედის, ყოფილი პირველი ლედის, მელანიას დამსახურებით. მან 2017 წელს მეუღლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თეთრ სახლში გადასვლაც კი გადადო, რადგან ბარონს სასწავლო წელი ნიუ-იორკში დაესრულებინა. სიმაღლის გამო ყველა ელოდა, რომ კალათბურთი მისი გატაცება იქნებოდა, მაგრამ ბარონ ტრამპი ფეხბურთის ფანატია და 2017 წელს ახალგაზრდულ გუნდში DC United-შიც თამაშობდა. ის სწავლობდა ელიტარულ სკოლებში ნიუ-იორკში (Columbia Grammar & Preparatory School), ვაშინგტონში (St. Andrew"s Episcopal School, ღირებულება: $50,000) და ფლორიდაში (Oxbridge Academy in West Palm Beach).

თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლები, როგორიცაა შტაბის უფროსი სტეფანი გრიშამი, აღწერენ მას, როგორც "დედიკოს ბიჭს", მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ მის ინტელექტუალურობას, კარგ განათლებას და გაწონასწორებულ ტემპერამენტს. ინგლისურის გარდა ის ფლობს დედის მშობლიურ, სლოვენიურ ენასაც. ბარონ ტრამპს სოციალურ ქსელშიც ამაოდ ეძებთ. მისი ძმებისგან განსხვავებით, მას არ აქვს საჯარო პროფილი.

წყარო: Bild

დღის ამბები