18 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
"ტალღა," "ჯიუტი," "კარი", "ფემინა", "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" და საზოგადოებრივი აქტივისტები ვაკის პარკში აქციას მართავენ - რა გეგმა აქვთ კანონის მოწინააღმდეგეებს

მოძრაობები - "ტალღა," "ჯიუტი," "კარი" "ფემინა," "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" და საზოგადოებრივი აქტივისტები გამჭვირვალობის კანონპროექტს ვაკის პარკში აპროტესტებენ.

"არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ" - ეს არის მთავარი ლოზუნგები, რომელიც დედაქალაქის ყველაზე დიდ პარკში ისმის. შეკრება აქტივისტებმა და ახალგაზრდებმა 17:00 საათზე დაგეგმეს.

თუ რა გეგმა აქვთ მათ, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კონფრონტაცია არ სურთ, თუმცა, თუ კანონპროექტის მეორე პლენარული სხდომა ჩატარდა, შესაბამისად იმოქმედებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ქმედებები სწორედ გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვაზეა დამოკიდებული.

"ხელისუფლებამ, რუსული კანონის დასაცავად, თავის პარტაქტივი ჩამოიყვანა და აპირებს კონტრაქციას რუსთაველზე. ჩვენ არ გვინდა კონფრონტაცია, თუმცა ჩვენი თანამოაზრეები შევიკრიბებით აქ და თუ მეორე პლენარული სხდომა იქნება, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ოღონდ საჯაროდ, ჯერჯერობით, არ ვაცხადებთ რას ვიზამთ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

"არ ვაპირებთ, რომ რუსთაველის მიდამოებში გამოვხატოთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ სხვაგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ვაკის პარკში გამოვხატავთ, კიდევ ერთხელ. ეს პოლიტიკური პოზიცია არის ის, რომ "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" და რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება უნდა დასრულდეს," - აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.

 

 

დღის ამბები