ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას ბევრი წინაღობა ხვდება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო ღირსეულად აგრძელებს სვლას ევროპისკენ.
"მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ამ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ.
ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა თუ რატომ, იმიტომ რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.“ - განაცხადა კახა კალაძემ.