"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქაშუეთის ტაძარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არახალი ამბავია.
"არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური, ანტიეკლესიური ქმედება, გახსოვთ, 2 წლის წინ გამოდიოდნენ ეს ფაშისტები და ანტიევროპული ძალები და ღიად აუგად მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, საპატრიარქოს მოიხსენიებდნენ ცუდი სიტყვებით, ეს ხომ არახალი ამბავია, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის მტრული ძალა. "ნაცმოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პატარა პარტიები არიან მტრული, ფარისევლური, ყველაფრის მკადრებელი ბოროტი ძალა, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, არეულობა, ქაოსი. ამიტომ, საჭიროა, ყველას გაეცეს პასუხი. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში. ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. სხვა შემთხვევაში ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.