რუსთაველის გამზირს რამდენიმე საათში ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიკავებენ. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან საღამოს 22:00 საათიდან უცვლელი მოთხოვნით იკრიბებიან - გაიწვიონ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის გათენებას გეგმავენ და, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პროტესტის გაგრძელება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ სურთ.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ აქციას. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის უკომპრომისო ბრძოლა, რომელშიც უკან წასასვლელი გზა არ გვაქვს. ჩვენ მივდივართ წინ ეროვნული სახელმწიფოსკენ და ევროპული კავშირისკენ. ჩვენი გეგმაა ღამის გათენება, ხვალაც პროტესტი, ზეგაც პროტესტი, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება არ დასრულდება და ბრძოლა ყველა ლეგიტიმური, კანონიერი მექანიზმის გამოყენებით," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
იურიდიული კომიტეტი ხვალ დილის 09:00 საათზეა ჩანიშნული.
ავტორი: ნანა გოგატაძე