ეს არის შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელს მოკიდებდა და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა - ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ, ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერცერთმა ვერ გაბედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება", ის გუნდი იქნება, რომელიც ძლიერი სახელმწიფოთი, ეკონომიკით და სუვერენიტეტით იმ ოჯახის წევრი გახდება, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია.
"შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია - ეს ყველაფერი გარედან იმართება. ამის დამადასტურებელია რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრის [აქციაზე სიტყვით გამოსვლა] იყო, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები ჩამოსულები იყვნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ჩავიდეს?
ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერცერთმა გაბედოს, ასევე, ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედოს ის, რომ საქართველომ თითქოს ევროპულ გზაზე სუვერენიტეტი უნდა დათმოს. ამის შესაძლებლობას არავის არ მივცემთ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ეს ყველამ უნდა გაიგოს!
მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ. მე ვსაუბრობ იმ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულმა ყმაწვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა [გაბრიელიუს ლანდსბერგისმა] გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი უნდა დათმოს, თუ ევროკავშირის წევრობა უნდა. არ ვაპირებთ, რატომ უნდა დავთმოთ სუვერენიტეტი? ჩემი სუვერენიტეტით, სახელმწიფოებრიობით, კულტურით, ტრადიციებით, ამ ყველაფრით მინდა ევროპული გაერთიანება და ევროპული მომავალი. ჩვენ ის გუნდი ვიქნებით, რომელიც აუცილებლად ძლიერი სახელმწიფოთი, ეკონომიკით და სუვერენიტეტით იმ ოჯახის წევრი გახდება, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.