ეს მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნას განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედოს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს.
"ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ ტონით გველაპარაკოს. თავის მოსახლეობას ელაპარაკოს ამ ტონით! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაგვედგას. "ქართული ოცნება" არის ის გუნდი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, მიიღო კანდიდატის სტატუსი, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ზუსტად ის გუნდი, ვინც ამ გზას ბოლომდე გაიყვანს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თავის დროზე მათი განცხადებებისთვის რომ დაეჯერებინა საქართველოს ხელისუფლებას, დღეს ქვეყანაში იქნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი.
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ ამ კანონსო, თან ისე, რომ ამას არანაირი ახსნა-განმარტება არ აქვს. გაუგონარი ხდება. ეს ადამიანები მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებდით ციხიდან, ქვეყანა ევროპულ მომავალს დაშორდებოდა. ეს ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ. გვეუბნებოდნენ იმას, რომ თუ სანქციებს არ მივუერთდებოდით, დავიღუპებოდით და ქვეყანას უნდა აერჩია, სად ვიყავით. მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში გაგვეხსნა "მეორე ფრონტი", გამოგვეშვა სააკაშვილი, დღეს სად ვიქნებოდით? დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.