16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
არანაირი მოტივირებული შენიშვნა და ცვლილება მუხლში ამ კანონს არ გააკეთილშობილებს, რადგან ეს კანონი თავის არსით არის რუსული - ანა წითლიძე

მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვეტო შენიშვნების გარეშე ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაა.

სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, პარლამენტს, პრაქტიკულად უცვლელად დაუბრუნა - დოკუმენტში დამატებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელშიც წერია, რომ "კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს".

როდის დაიწყება პარლამენტში კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურები - კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მან არავითარი მოტივირებული შენიშვნა არ წარადგინა, მართებულია, რადგან ეს კანონი თავის არსით რუსულია და ის სრულად უნდა იქნეს გაწვეული.

"ძალიან სწორია პრეზიდენტის პოზიცია. არანაირი მოტივირებული შენიშვნა და ცვლილება მუხლში, ამ კანონს არ გააკეთილშობილებს, რადგან ეს კანონი თავის არსით არის რუსული, შესაბამისად, უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული. ვეტოს დაძლევამდე ხელისუფლებას აქვს ვადა იმისთვის, რომ იფიქროს. იქნებ, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც ჩაერთოთ იმისთვის, რომ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ " კანონზე ვეტოს დადება "ქართული ოცნებისთვის" არის შესაძლებლობა, რომ მოუსმინოს ხალხს და კანონი გაიწვიოს.

"არანაირი ცვლილება და გაკეთილშობილება, ასეთ კანონებთან მიმართებაში შესაძლებელი არ არის. ასეთი კანონები საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა არსებობდეს, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც არ შეჰყვა "ქართულ ოცნებას" თამაშში, რუსული კანონის გაკეთილშობილების საქმეში, რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა "ქართული ოცნებისთვის", რომ ბოლოს და ბოლოს უპასუხოს ქართველი ხალხის ხმას და ეს კანონი გაიწვიოს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები