თურქეთი, სერბეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე აქტიურად მსჯელობენ. კანონი თურქეთსა და სერბეთში, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამ ქვეყნებში, საფრანგეთსა და ევროკავშირში ინიციირებული პროექტების მსგავსად, გაზრდილია იმ პირთა და ორგანიზაციების ჩამონათვალი, ვისაც რეგისტრირების ვალდებულება აქვს. მმართველ გუნდში დღეს განმარტეს, რომ კანონის უცხოური ანალოგები, ქართულზე გაცილებით ხისტ მიდგომებს ითვალისწინებს.
რატომ დასჭირდათ ნატო-ს და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს "გამჭვირვალობის კანონის" მიღება სწორედ ახლა - ამ კითხვაზე ოპოზიციას კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა, დღეს, სერბეთი პირდაპირ რუსეთის მოკავშირედ დაასახელა. ნაწილმა კი თქვა, რომ თურქეთს რუსეთისგან მომავალი საფრთხეები არ ემუქრება და შეუძლია მკაცრი კანონი მიიღოს.
განსხვავებული არგუმენტი აქვს "გირჩს". პოლიტიკურ ცენტრში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას უნდა დაეყრდნოს, რომელიც მსოფლიოში უკვე არსებულ მსგავს კანონებს კრიტიკულად და სამართლებრივად გაუმართავად მიიჩნევს.
ოპოზიციის არგუმენტებს სპეკულაციურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, თურქეთის, სერბეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაგალითები ადასტურებს, რომ ხელისუფლების ოპონენტების პროტესტი არარელევანტურია. პოლიტიკოსების თქმით, ქართული კანონი გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტი გახდება.
"კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", თურქეთში პარლამენტს პირველ ივლისს წარედგინება. თურქული მოდელი, ჯარიმების გარდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, მათ შორის, უვადო პატიმრობასაც. კანონი ეხებათ თურქეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობენ.
ევროკავშირის არაწევრ ყველა სახელმწიფოს თანაბრად ეხება ფრანგული კანონპროექტი, რომლის ინიციირებას წინ უძღოდა საპარლამენტო ანგარიშების გამოქვეყნება, სადაც მთავარ საფრთხეებად რუსეთი და ჩინეთი იყო დასახელებული. ფრანგულ პროექტში აქცენტი მხოლოდ დაფინანსების წყაროზე არ არის გაკეთებული - დაკონკრეტებულია თუ რა საქმიანობას უნდა ეწეოდეს სუბიექტი. კანონპროექტი უცხო ძალის ინტერესთა წარმომადგენლად განიხილავს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საზოგადოების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.