აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ მოსალოდნელია, შტატები საპასუხოდ მოქმედებაზე გადავიდეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.
ოხანაშვილის შეფასებით, მსგავსი ტონით და მუქარით საუბარი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან სამწუხაროა.
"ნებისმიერი კრიტიკა არის სამწუხარო და არაფერში არ ჯდება, არც მეგობრულ და არც პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს, რა თქმა უნდა, კრიტიკაზე მეტია. ჩვენ არავისთან თავი სამართლებელი არ გვაქვს. მზად ვიყავით კომუნიკაციისთვის, თუმცა ამაზე პასუხია უარი. შინაარსშიც არ უნდა მოხდეს შესვლა კანონპროექტის და ამის შემდგომ არის საუბარი სანქციებზე. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს მუქარის, შანტაჟის ელემენტებს, რისთვის?! იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ გამჭვირვალედ მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ამისთვის შეიძლება მეგობარ სახელმწიფოს ესაუბრო ამ ტონითა და ტერმინოლოგიით?! რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.