16 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, ვინაიდან, ეუთო/ოდირი ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია - შალვა პაპუაშვილი

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საუბარი, ასევე, შეეხო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს.

ოფიციალური ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორს კანონის მიზანი და შინაარსი გააცნო. მან, კანონთან დაკავშირებული შემდგომი დიალოგისთვის ღიაობა დააფიქსირა.

"ვისაუბრეთ კანონთან დაკავშირებითაც და კიდევ ერთხელ გავაცანი, თუ რა იყო პრეისტორია ამ კანონის მიღებისა, რა იყო მიზანი და გამოწვევები, რაზეც სხვა დროსაც ვსაუბრობთ ხოლმე და რა არის მომავალი გეგმა, მათ შორის ვეტოსთან დაკავშირებით. ამ დღეებში აქ იმყოფება ოდირის მისია წინასწარი შეფასებითი მისია, რომელიც ამზადებს შემდეგ სადამკვირვებლო მისიას. ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, ვინაიდან, ეუთო/ოდირი ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი დამკვირვებლები იყვნენ რაც შეიძლება ბევრი ამ არჩევნებზე, იმისთვის, რომ არ მიეცეს საშუალება ოპოზიციას და მის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ გაიმეორონ ის მანიპულაციები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ხოლმე წინა არჩევნების დროს.

"ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო ის, რომ ელექტრონული მთვლელების მეშვეობით და რეგისტრატორების მეშვეობით, ელექტრონული აიდი ბარათების შემოღების მეშვეობით, ხედავთ, რომ ვერც ოპოზიცია და ვერც მათი მოკავშირე ენჯეოები ვერცერთ კრიტიკულ სიტყვას ვეღარ ამბობენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

დღის ამბები