16 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
27-დან რომელმა ევროკომისარმა გაავლო პარალელი რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაზე ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში - სკანდალური განცხადება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავად გამოაქვეყნა

პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე, აქცენტს ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბარზე აკეთებს და ამბობს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, ფიცოზე განხორციელებული თავდასხმაც შეახსენეს.

მთავრობის მეთაურის განცხადებას, მალევე გამოეხმაურა მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამაოგნებელი უწოდა და თქვა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე მომხდარი თავდასხმის ნებისმიერ კონტექსტში ხსენება მიუღებელია.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა ქალაქ ჰანდლოვას ცენტრში 15 მაისს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მას 5 ჭრილობა მიაყენეს. რის შემდეგაც, რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო 20 წელიწადში, ეს იყო პირველი სერიოზული თავდასხმა ევროპის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერზე. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ ფაქტმა ნათელი გახადა, სლოვაკეთის საზოგადოებაში არსებული განხეთქილებისა და პოლარიზების სიმძაფრე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, პოლიტიკური პროცესებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს ოპოზიცია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად რეალურია გარკვეული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები. შექმნილ ვითარებაში, "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან კოორდინირებული ქმედებები, ქვეყანაში არეულობის თავიდან ასარიდებლად.

გლობალური ომის პარტიის მხრიდან საფრთხეებზე და რისკებზე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუშიც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა რომ სირთულეების მიუხედავად, არსებული გამოწვევების პრევენციისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს.

მთავრობის მეთაური განცხადებაში წერს, რომ მცდელობის მიუხედავად, კონკრეტული ძალის გეგმები ვერ განხორციელდება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას.

დღის ამბები