16 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ეს არის შავი დღე საქართველოსთვის - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა გადაიხედება - გრიგოლ გეგელია

პარტია "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის "შავი დღე" ქართული სახელმწიფოსთვის, რადგან განცხადებაში აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი.

გეგელიას მოსაზრებით, ეს არის აშშ-ის პირდაპირი განაცხადი, რომ ის მთელი თავისი ძალით დგას ყველა იმ ქართველის გვერდით, რომელიც დღეს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

"ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელი თავისი ძალით დგას ყველა იმ ქართველის გვერდით, რომელიც დღეს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. აგრეთვე უმნიშვნელოვანესია, რომ სანქციები უწესდება არა მხოლოდ რუსულის კანონის მიღებაში ჩართულ პირებს, არამედ "ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულო პროცესებს, ან ინსტიტუციებს". სამწუხაროდ, ეს არის შავი დღე საქართველოს სახელმწიფოსთვის, როდესაც ისტორიაში პირველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დღეიდან გადაიხედება აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".

ამავე თემაზე
დღის ამბები