16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხი ძალის" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის საუბარს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, - ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება.

"ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება. პრემიერს თუ ვინმე ეუბნება, რომ ის თუ მოიქცევა იმდაგვარად, რისთვისაც ფიცომ ხუთი ტყვია მიიღო, ეს მუქარაა.

ჩვენ გამჭვირვალობის კანონი გვჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა, როგორც ჩანს, სჭირდებათ არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო."

საპასუხოდ, ვარჰეიმ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომელშიც პრემიერი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან, სატელეფონო საუბრის დროს, მუქარაზე და სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებდა. ვარჰეის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. "საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით, კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში," - წერს ვარჰეი.

დღის ამბები