უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტები ხარკოვს რაკეტებით დაესხნენ თავს, დაიღუპა 7 მოქალაქე. გუბერნატორის ინფორმაციით, დაიჭრა 20 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. დაშავებულია ათობით მოქალაქე. განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს "უკიდურესად სასტიკი თავდასხმა" უწოდა. თქვა, რომ იმედგაცრუებულია დასავლელი მოკავშირეების არასაკმარისი სამხედრო დახმარების გამო.
"დღეს ხარკოვის რეგიონზე რუსი ტერორისტების თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ხარკოვი, ლიუბოტინი და დერჰაჩი სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. კრემლის სამიზნე გახდა უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი სტამბა. სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ სასტიკი თავდასხმის მორიგი აქტით შეშფოთდნენ უკრაინაშიც და მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ ყოველთვის, როცა ასეთი თავდასხმები ხდება, ინგრევა ჩვენი ქალაქები, იღუპებიან ადამიანები, იწვება წიგნები და ყველაფერი, რაც კაცობრიობისთვის ფასეულია, მიჩნდება კითხვა: რატომ აქვს რუსეთს კიდევ ამის შესაძლებლობა? მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტია, რომელიც რეალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მსოფლიო ტერორის საფრთხის წინაშეა და ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა ინსტრუმენტი სიცოცხლის გადასარჩენად და ტერორისტების დასამარცხებლად," - განაცხადა ზელენსკიმ.