16 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"გადმოდით სიმართლის მხარეს და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან" - 6 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. 

მათ ერთობლივ მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლებაში მყოფი პირები "გადავლენ სიმართლის მხარეს", ამ შემთხვევაში, მზად არიან ხელი შეუწყონ მათი და მათი ოჯახების სანქციებისგან დაცვას. 

განცხადებას ხელს აწერენ "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ლელო საქართველოსთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი" და "რესპუბლიკური პარტია".

"ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.

გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში:

• იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.

• გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში, მზად ვართ, ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.

საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს!
კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".

ამავე თემაზე
დღის ამბები