16 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
"ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ - ბატონები" - რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

ქართული საზოგადოება ამაყი და თავისუფალია. არავის აქვს უფლება, მას შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბროს, მით უმეტეს, მეგობრის სახელით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

იონათამიშვილის თქმით, ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ - ბატონები.

"სანქცირების საფუძველს როდესაც ვკითხულობდი, მიზეზად დასახელებული იყო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს, როდესაც, ცხრა წლის განმავლობაში, ეს კრიმინალური სინდიკატი იყო ხელისუფლებაში.

სწორედ რომ ისინი უთხრიდნენ ძირს ქართულ დემოკრატიას, მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. ეს კრიმინალური სინდიკატი ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს და როცა ამის შემჩნევა არ ხდება და ახლა, დემოკრატიის სახელით, ვინმესთვის სანქციის დადება უნდათ, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს. ფაქტია, ჩვენზე შანტაჟი ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ. პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა უფრო გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ - ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ,"-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".

დღის ამბები