16 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებო - ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა, არაფერი დარჩა" - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახდეპის განცხადებაზე

"კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის... მაშინ, გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

მან პარალელი გაავლო საბჭოთა კავშირთან და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრების სანქცირებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა 60-იანი წლების შემდეგ.

"კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის. მაშინ, გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი. ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ. გვეუბნება, თქვენ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ. გამოუშვეს ხალხი, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა. გვეუბნებიან, კანონმდებლებს დაგისანქცირებთო. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა, თქვენ – არაო, ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს? გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებო. ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა, არაფერი დარჩა. ამ ფონზე, რომ თან პრეტენზია გქონდეს, რომ შენ ხარ დემოკრატიული ქვეყანა და გინდა პარტნიორობა საქართველოსთან, ვინ დაიჯერებს?" - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".

დღის ამბები