ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის საუბარზე ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ტყუილს უწოდებს, რომელიც მას დასჭირდა იმიტომ, რომ ტყუილების მეტი სათქმელი აღარაფერი არ დარჩა.
"საქართველოს არცერთი მეგობარი და პარტნიორი საქართველოს, ქართველ ხალხს და, სამწუხაროდ, მის დღემდე მოქმედ მთავრობას, ასე არ ელაპარაკება და ამ ენით არ ელაპარაკება. [ირაკლი კობახიძეს] ეს ტყუილი სჭირდება იმიტომ, რომ მათ სხვა მეტი არაფერი არ აქვთ სათქმელი ამ ტყუილების გარდა," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება "გირჩს," იაგო ხვიჩიას შეფასებით, რეალურად, ვარჰეიმ კობახიძეს რჩევა მისცა.
"როდესაც შენივე ახლო მეგობარი, უნგრეთის წარმომადგენელი გირეკავს და გეუბნება, ცუდად იქცევი შენო, ეს ჩაუწერო და მერე მთელ ქვეყანას და სამყაროს მოსდო, რომ კარგი უნდოდა ვიღაცას შენთვის, რჩევას გაძლევდა, შენ კიდევ "გაუჩალიჩე." ეს ქცევა საქართველოში რთულად ახსნადი იქნება ჩემი დაკვირვებით, სხვა ყველაფერთან ერთად, ისევე, როგორც გლობალური ომის პარტიაა რთულად ახსნადი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო."
საპასუხოდ, ვარჰეიმ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომელშიც პრემიერი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან, სატელეფონო საუბრის დროს, მუქარაზე და სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებდა. ვარჰეის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. "საუბრის დროს, საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით, კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში," - წერს ვარჰეი.