ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში, სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხება, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სანქციები მხოლოდ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს არ შეეხება.
"მე მინდა გავაფრთხილო ყველა და ვუთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ, რომ სამშაბათს ვეტო დაძლიონ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ასევე, სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს, რომელიც არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველა პროკურორს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ძალადობენ ადამიანებზე, ასევე პროპაგანდისტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ავრცელებს პროპაგანდას,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილისთვის ენტონი ბლინკენის განცხადება დასტურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ურყევად უჭერს მხარს.
"ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ის, რომ ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომლებიც მტრობენ საქართველოსა და აშშ-ს შორის მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას, მათ მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღება საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ მოქმედებს და ეს მოქმედებები გაგრძელდება,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.
ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".