თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.
პარტია "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან მანამ, სანამ "პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება". საკრებულოს მუშაობას ემიჯნება "გირჩი -მეტი თავისუფლებაც". ბოიკოტის რეჟიმშია "ნაციონალური მოძრაობაც".
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.
"პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოშ,ი ვეღარ გაგრძელდება ჩვეულებრივად. შესაბამისად, დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს, ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს,"- აცხადებს საბა ბუაძე.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია კი აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლარიზაციის გაზრდისკენ ისწრაფვის.
"მათი ქმედება მიმართულია პოლარიზაციის გაზრდისკენ, ისინი ცდილობენ, ხალხს დაანახონ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული სიმძიმე ხდება პოლიტიკურ ველზე, მათ ეს არასდროს არ გამოსვლიათ და არც ახლა არ გამოუვათ,"- აცხადებს ოთარ გრიგოლია.