16 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში - აშშ საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ სანქციების დაწესებისთვის ემზადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოქმედებაზე გადადის. წარმომადგენელთა პალატაში დაანონსებული საპასუხო ზომები, ენტონი ბლინკენის იმ განცხადებაში დაკონკრეტდა, რომელიც მისი სახელით სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. შტატების ოფიციალური პირი წერს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "გამჭვირვალობის კანონის" მიღების საკითხს არ გადახედავენ, მათზე სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გავრცელდება. დასაბუთება ასეთია - პირი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, შეუსაბამოა ვიზების მიღების და შტატებში გამგზავრებისთვის. სანქციები შესაძლოა დაწესდეს "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ოჯახის წევრებზეც.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, განცხადებითვე უპასუხა სახელისუფლებო პარტიამ. "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელებულ მიმართვაში წერია, რომ ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ აპირებს. მმართველი პარტია ამბობს, რომ ბლინკენის განცხადება ოფიციალური პირების მხრიდან წამოწყებული მუქარის პოლიტიკის გაგრძელებაა - ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა და მიუღებელი მეთოდებით შანტაჟი. "ქართული ოცნების" განცხადებითვე, სანქციები კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს.

ხელისუფლების ოპონენტები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ქართველი ხალხის მხარდაჭერად და მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებად აფასებენ. ამბობენ, რომ პარტნიორებს ამ ნაბიჯისთვის მადლობა ეკუთვნით. ბლინკენის გადაწყვეტილებას ოპოზიცია დილიდან სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურა. პარტიების ნაწილმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ ბოლო შანსი გამოიყენონ, პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ და ამ ფორმით, კანონის უკან გაწვევასთან ერთად, სანქციებიც აირიდონ.

საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას არ იცვლის და ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სანქციები არ აშინებთ და შანტაჟს არ ექვემდებარებიან. ამბობენ, რომ დეპუტატების კანონშემოქმედების გამო დასანქცირება, უსამართლობაა.

ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება - ასე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. წერს, რომ გამჭვირვალობის კანონის გამო შტატები სანქციებს სწორედ მაშინ აანონსებს, როცა მსგავსი კანონი უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს ამერიკაში, უკვე მიიღო საფრანგეთმა და ინიციირდება თურქეთშიც.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი სამი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა ადევს პრეზიდენტის ვეტო. სალომე ზურაბიშვილის პოზიციის გათვალისწინებას უმრავლესობა არ აპირებს და ვეტოს დაძლევას მომდევნო კვირიდან იწყებს.

დღის ამბები