სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის 2 საქმეზე, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ყველა იმ ბრალდებას პასუხობს, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ისმოდა.
"ხალხის ძალაში" დღეს ისიც თქვეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთარი პოზიციით გააქარწყლა ის რეზოლუციებიც, რომლებიც ყოფილი მსჯავრდებული პრეზიდენტის პოლიტპატიმრობასა და მისი გათავისუფლების აუცილებლობას ეხებოდა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა გზავნილი ევროპარლამენტარებისგან ლობიზმის შედეგი იყო.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს რამდენიმე რეზოლუციაც გაიხსენა, მათ შორის ბოლო, რომელიც ევროპარლამენტმა 25 აპრილს მიიღო. დოკუმენტში მიმდინარე მოვლენების შეფასების პარალელურად, საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ეხებოდა. სწორედ ექსპრეზიდენტის პატიმრობა იყო პასეს ავტორობით მომზადებულ რეზოლუციაშიც ძირითადი საკითხი. გარდა ამისა, სახელისუფლებო ძალა სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებაზეც საუბრობს. ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის მომზადება, სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანა, სანქციებთან დაკავშირებით ამერიკული სენატორების დარწმუნების სტრატეგიის შემუშავება - ყველა ეს ინფორმაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებითაც დასტურდება. თუმცა, ეს ფაქტები "ნაციონალური მოძრაობისთვის" არაფერს ნიშნავს, სადაც დღეს საკითხზე კონკრეტულად საუბარი არ ისურვეს.
სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს მაინც პოლიტიკურ პატიმრად თვლის. ამის ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები პრობლემას ლობიზმში ვერ ხედავენ.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უცხოელი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები თუ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები, საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი იყო. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კი, მმართველი პარტიის თქმით, დაასრულა სპეკულაციები და სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხს წერტილი საბოლოოდ დაუსვა.
სტრასბურგის სასამართლოში ექსპრეზიდენტი სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაობდა - ერთი, 2005 წელს, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას ეხებოდა. ორივე საქმეზე ევროსასამართლომ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდებები საფუძვლიანი იყო, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კი სათანადოდ დასაბუთებული.