"ბერლინი დააპატიმრებს ან ქვეყნიდან გააძევებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი დაკავების ორდერს გასცემს" - ეს განცხადება, კანცლერის ოფისში დღეს გაკეთდა და შოლცი მალევე გახდა ისრაელის მთავრობის კრიტიკის სამიზნე. ისრაელის პრემიერის პრესსპიკერმა, გერმანიის მთავრობის მეთაურს ისიც შეახსენა, თუ როგორ უწოდა "ჰამასს" ახალი ნაცისტები და მორალური კომპასის გასწორება ურჩია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება და ამ საკითხზე მსოფლიოს ლიდერების პოზიცია, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერმა, ჰააგის პროკურორს თაღლითი უწოდა და ანტისემიტიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის პოზიციამ, ევროპაში აზრი ორად გაყო. მაგალითისთვის, თუ საფრანგეთი და გერმანია აპირებს ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, უნგრეთი და დიდი ბრიტანეთი, კარიმ ხანის პოზიციას არამართებულად მიიჩნევს. მეტიც, ახლო აღმოსავლეთში თითქმის 8 თვიანი ომის ფონზე, ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. ისრაელმა ამ ქვეყნების ელჩები სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია. ისრაელის ქმედებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი გამოეხმაურა და ნეთანიაჰუს კრიტიკის მიღება ურჩია.
ევროპისგან განსხვავებით, ისრაელის მიმართ ურყევ მხარდაჭერას შეერთებული შტატები აქტიურად გამოხატავს. ვაშინგტონისთვის არ არსებობის ტოლობის ნიშანი ისრაელსა და "ჰამასს" შორის. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სესიაზე მოიწვევს, რათა კანონმდებლებს სიტყვით მიმართოს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის და "ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს. კარიმ ხანმა, უკვე მიმართა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე, "ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს. კარიმ ხანის მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლომ უნდა თქვას საბოლოო სიტყვა - არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები დაკავების ორდერების გასაცემად. პროცესს, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.