გუშინ გავრცელებული ინფორმაციით მუქარამ და შანტაჟმა ფართო მასშტაბიანი სახე მიიღო. წარმოდგენაც რთულია ისაუბრო მსგავსი შინაარსით და სამწუხაროა, რომ ეს მეთოდები გამოიყენება ორმხრივ ურთიერთობებში. რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მაშინ როცა რეალურად ძირი ეთხრებოდა დემოკრატიას საქართველოში, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები, არ არსებობდა ობიექტური მედიასაშუალებები, სამწუხაროდ არ გვახსოვს იმ დროს ხალხის ნების გათვალისწინება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინი ვარდოსანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა და მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ხდება ძალადობის წახალისება, რადგან, სწორედ ეს არის, რაც რეალურად პროვოცირებას უკეთებს და მწვანე შუქს უნთებს მომდევნო ძალადობას.
„ფაქტებით და მაგალითებით რომ ვისაუბროთ, რაც ხდებოდა მოვლენების საწყის ეტაპზე, ნიკა გვარამია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სახეა, აჩვენებს, არათუ ორმაგი სტანდარტის მაგალითს, არამედ ეწინააღმდეგება ყველანაირ სტანდარტს. მის ერთ-ერთ სტატუსში ვკითხულობთ - ,,რომან გოცირიძემ გინების საპასუხოდ პლანშეტი თავზე გადაატეხა დეპუტატს’’, აქვე, მისი შეფასებით, რომან გოცირიძე ქართული პოლიტიკის კოლორიტია. როგორც ჩანს, რომან გოცირიძეს გინების პასუხად თურმე შეუძლია სხვა ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს. თავად ფაქტი ხომ ძალადობრივია, მაგრამ ფაქტის ამგვარი აღწერა ძალადობის ხაზგამსმელი და წამახალისებელია. იგივე შეიძლება ითქვას ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ძალადობაზე, რომლის დაგმობის ნაცვლად, ოვაციები ვიხილეთ, ვნახეთ სცენაზე მარჯვენის დალოცვის ცერემონია და კომენტარები, რომელიც პირდაპირ იწონებდა ფიზიკურ ძალადობას. ამას მოყვა პირადი მონაცემების გამოქვეყნება, მუქარა, თავდასხმები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებზე, ცნობილ ადამიანებზე და რიგით მოქალაქეებზე, რომლის არაერთი ფაქტიც პირადად მაქვს. ეს ვითარება ყველას პერსონალური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გამოვყოფ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, გიორგი ტყებუჩავას თანამდებობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ კომენტარებს, რომელიც საზოგადოებაში მანკიერ დამოკიდებულებებს აღვივებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაშა ტალახაძეს საჯაროდ მიმართა შეურაცხმყოფელი კომენტარით. ასევე, მის პირად გვერდზე ვკითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს - ,,სამწუხაროდ ჯერ არაფერი ეტყობა ამ ნაკრებს ეროვნულის, ურემი რომ გადაბრუნდება მერე აფრიალეთ ეგ ორსიტყვიანი პოსტები’’. ,,კვარაცხელია ვერ გასცდა მჩხიბაობის დონეს’’. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე წერს, ,,ვაზიარებ რუსეთის აგენტურის საქართველოს ფილიალის განცხადებას’’. შეგახსენებთ ეს ადამიანი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, რომელიც მოიცავს სიტყვის, აზრის, გამოხატვის და რწმენის თავისუფლებებს მათ შორის. როგორც აღმოჩნდა, ცუდი მასწავლებლის კარგი მოსწავლეა, რადგან ყოფილი სახალხო დამცველიც გამოირჩევა სხვათა უფლებების შელახვით“, - აღნიშნა ვარდოსანიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელებზე აგრესიას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ამართლებენ და ახალისებენ ძალები, რომლებიც დასავლური ღირებულებების დამცველებად ასაღებენ თავს.
„აქციების დროს, ვხედავდით პოლიცია დღეების განმავლობაში ისმენდა და ითმენდა მძიმე ფორმის ლანძღვას, გინებას, ბოდიში და ფურთხებას. პოლიციელი არ არის რიგითი მოქალაქე. მსგავსი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფთ სახელმწიფოს, ადამიანებს რომლებიც იცავენ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს. მათი უმეტესობა სხვადასხვა დროს საქართველოსთვის ომში იბრძოდა, დღესაც ემსახურებიან ამ ქვეყანას და მომავალშიც იმავეს გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვით“, - განაცხადა ნინი ვარდოსანიძემ.