"საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, საზოგადოებას შესთავაზოს ერთგვარი პოლიტიკური მემორანდუმი, რაც უნდა იყოს საფუძველი, ერთიანი ეროვნული კონსენსუსისა", - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანება უნდა იყოს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის საფუძველი.
"საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ერთგვარი პოლიტიკური მემორანდუმი, რაც უნდა იყოს საფუძველი, ერთიანი ეროვნული კონსენსუსისა, ძირითად საკითხებზე, რამაც უნდა გააერთიანოს საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არის ზოგადი პოლიტიკური შინაარსი, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეხება ისეთ რაღაცებს, როგორიც არის კანონის უზენაესობა, სისტემური რეფორმები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ძირითადი პოლიტიკური პრინციპები, რომლის ირგვლივაც შესაძლოა, რომ ახალი ეროვნული კონსენსუსი შეიქმნას. აუცილებელიც არის, რომ ამ საკითხზე იყოს მკაფიო ეროვნული კონსენსუსი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, გარე და შიდა მოლაპარაკებების შემდეგ, მიიღეს გეგმა, როგორც თავად საუბარში აცხადებენ, მათი "დიდი მეგობრებისგან", რომ 26 მაისს უნდა გამოაქვეყნონ მემორანდუმი "ერთიანი პლატფორმის შესახებ" და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად.