საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში. 26 მაისის აღსანიშნავად, ქართული დროშა აღიმართა სან-ფრანცისკოში - მერიის შენობაზე.
საქართველოს ეროვნული დროშის ფერებიში განათდა “ქალწულის კოშკი” სტამბოლში. ანკარაში კი საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო - ”ტყუპებად” წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა ნიქოზიის ამფითეატრზე. ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ამასთან, ქ.ჰააგის ცენტრში მდებარე დიდი ტაძრის ხროტე კერკის სამრეკლოში, მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი და ქართული მელოდიები, როგორც ხალხური ფოლკლორიდან, ასევე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ღონისძიებები გაიმართა ბრაზილიაში, პოლონეთში, შვედეთსა და მოლდოვაშიც. ღონისძიებებს დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ამასთან, გერმანიაში, ანსამბლი „ბათუმის“ და ბერლინის საკვირაო სკოლის ბავშვების მიერ შესრულდა „მრავალჟამიერი“ .