17 ივნისი 2024,   23:33
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი მიხეილ დაუშვილზე: ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

"ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ დაუშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა.

"გახარია საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აღნიშნული კითხვით მიმართა, რომ "ამ [გამჭვირვალობის] კანონით და იმ ქმედებებით, რასაც "ოცნება" ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში [ოკუპირებული ტერიტორიების] არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას". 

ამასთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარემ მიხეილ დაუშვილს სთხოვა დაეკონკრეტებინა თუ რას გულისხმობს, რადგანაც ოხანაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დაუშვილმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა.

"დაფიქრდით რა განცხადებებს აკეთებთ. უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც ახლა აკეთებთ. როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი შეკითხვის დასმა" - მიმართა ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილს.

ასევე, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილს შესთავაზა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, რაზეც მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მას არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

"თუ გნებავთ ბოდიში მოიხადეთ ამ შეკითხვაზე მოქალაქეების წინაშე. გნებავთ მოგცემთ სიტყვას და თქვით, რომ შეგეშალათ. ასეთი რაღაც მეორედ არ გააკეთოთ. წარმოდგენა გაქვს რას კითხულობ? გეყოთ გამბედაობა და მოიხადეთ ბოდიში. ხალხს უთხარით, რომ შეგეშალათ, რაც ახლა იკადრეთ. ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ქვეყანას აზიანებთ ამ თქვენი შეთანხმებული განცხადებით, რომელიც გაგაჟღერებინეს. ეს არის ოკუპანტის ინტერესი, რასაც ახლა თქვენ ამბობთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილის მისამართით.

დღის ამბები