პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინიციატივის შემდეგ მიიღეს.
უმრავლესობის ლიდერმა საკითხის გადადება ოპოზიციის ბოიკოტის გამო ითხოვა.
"მივცეთ ერთი დღეს იმისთვის, ჩამოყალიბდნენ ბოლო ბოლო, რა უნდათ, საით არიან და იქნებ ხვალ მაინც დააფიქსირონ თავის პოზიცია ამ მოსვლით, ან განცხადებით, ან შემოგვითვალონ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საკითხი ეხება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ძირითად კანონპროექტსა და მის თანმდევ 18 კანონპროექტს.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.
ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციიდან მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფი "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მიიღო.