17 ივნისი 2024,   21:02
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტოს განხილვა კამათის და მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა კამათის და მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა.

კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებას. დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: "ამ კანონით და ქართული ოცნების ქმედებებით, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მწვავე რეაქცია მოყვა.

მმართველი გუნდის წევრებმა გახარიას თანაგუნდელები ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში დაადანაშაულეს. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები.

"საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების საკითხს შეეხეო და კითხვა თუ ვის დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, თუ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეოდა.

"თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც "ოცნება" ახორციელებს მოქალაქეების მიმართ ტოტალური ძალადობით და ტერორით. ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორ ფიქრობთ, არ აღიარების პოლიტიკის კუთხით რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას", - იკითხა მიხეილ დაუშვილმა.

კითხვა გაუგებარი აღმოჩნდა სხდომის თავმჯდომარისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, რომელმაც მიხეილ დაუშვილს კითხვის დაზუსტება სთხოვა.

"რას გულისხმობთ ბატონო მიხეილ, შეიძლება დააკონკრეტოთ? ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ძალიან მძიმე განცხადება გააკეთეთ ახლა. რას გულისხმობთ, იქნებ განმარტოთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"თუ ქვეყანას შეექმნა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე, ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების ნაწილში. პასუხისმგებელი ვინ არის", - დააზუსტა დაუშვილმა.

კითხვის დაზუსტების შემდეგ, სხდომათა დარბაზში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. ხოლო სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუსვილს აღნიშნული კითხვის დასმის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

სხდომაზე დაპირისპირება არც ამის შემდეგ შემწყდარა. მწვავე რეპლიკები გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებმა გამოიწვია, რომლებიც ვენეციის კომისიის დასკვნაზე და კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსზე საუბრობდნენ. ოპოზიციის წევრებს, ირაკლი ზარქუამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეკონომიკაზე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კომენტარსაც არ იმსახურებს.

უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები და განცხადებები სპეკულაციურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ოპოზიციის ქმედებები ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

დღის ამბები